fbpx

რა იწვევს ემოციურ გადაწვას და როგორ ვებრძოლოთ მას?

ბიზნეს ჟურნალი

რა იწვევს ემოციურ გადაწვას და როგორ ვებრძოლოთ მას?

1260 709 buymore.ge

  ემოციური გადაწვის სინდრომი ჩვენი რეალობის თანმხლები ამბავია. თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობა მოიცავს დაძაბულობას, სტრესს, გადაღლას და იშვიათად თუ გულისხმობს სრულფასოვნად დასვენებას. ამ რიტმში ადამიანებისთვის ადვილი  არაა  რესურსების შენარჩუნება. 

ემოციური გადაწვა ორგანიზმის რეაქციაა, რომელიც  სამუშაო სტრესის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ჩნდება სანაცვლოდ, მცირდება ფსიქიკური და ფიზიკური ენერგია; იწყება ემოციური, გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, გამოფიტვა; ქვეითდება შესრულებული სამუშაოთი მიღებული კმაყოფილების დონე და პირადი პასუხისმგებლობა.

პრობლემა მასშტაბურია და დიდი ხნის ისტორია აქვს. ადამიანები უძველესი დროიდან იდგენენ ემოციური გადაღლის პირისპირ. თუმცა, ეს პრობლემა ბოლო ხანებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან  ტექნოლოგიებმა სამსახურს და სახლს შორის ზღვარი წაშალა.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ:

  • ამერიკელთა 48% ბოლო 5 წელია ემოციურ გადაღლას განიცდის;
  • 31%-ს სამსახურებრივი და ოჯახური მოვალეობის ერთმანეთთან შეთავსება უჭირს;
  • 53% კი აცხადებს, რომ სამსახურში მეტისმეტად იღლება.

ამავე ასოციაციამ გამოიკვლია ადამიანების სამსახურიდან წასვლის ძირითადი მიზეზები. გამოკითხვამ აჩვენა, რომ სამსახურიდან წასვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ემოციური ანუ პროფესიული გადაწვაა.

ემოციური გადაწვის სინდრომი

 ,,პროფესიული გადაწვა” (Burn out) შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა სამსახურმაც კი, სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ, აკეთებთ საყვარელ საქმეს, გაქვთ მაღალი ანაზღაურება და არც კი ფიქრობთ სამსახურიდან წამოსვლაზე. მაგრამ, დგება მომენტი, როცა თვალს ახელთ და ხვდებით, რომ დაიღალეთ. უბრალოდ ვეღარ მუშაობთ და აღარ შეგწევთ ძალა კეთების. ხედავთ, რომ სიახლეები, რომლებიც ასე გიყვარდათ და გიზიდავდათ, აღარ გაინტერესებთ. რატომ? უბრალოდ ემოციურად გადაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ.

ამჟამად დაახლოებით 100 სიმპტომია გამოყოფილი, რომელიც თან ახლავს ემოციური გადაწვის სინდრომს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი 3 ფაზა, როცა უნდა იგრძნოთ, რომ თქვენ ემოციური გადაწვის წინაშე დგახართ და აუცილებლად გჭირდებათ დასვენება და განტვირთვა.

აქტიურობის მომატების ფაზა – თქვენ მთელი დღის განმავლობაში მუშაობთ ან აკეთებთ სამსახურის საქმეს და უარს ამბობთ სხვა მოთხოვნილებებზე. ამ ფაზაში ჩნდება პირველი სიმპტომი – ემოციური გამოფიტვა. ამ დროს, თქვენ დაძაბული ხართ, გაქვთ ძილის უკმარისობის შეგრძნება, ხდებით გულგრილი მოვლენების და ადამიანებისადმი, გრძნობთ მუდმივ დაღლას და გეცვლებათ დამოკიდებულება სამსახურის მიმართ.

პირადი პასუხისმგებლობის დაქვეითების ფაზაამ დროს ადამიანი მუდმივად გაღიზიანებული და აგრესიულია. აღარ აინტერესებს საკუთარი პროფესიული საქმიანობა, მიღწევები, ცვლილებები, სიახლეები. აღარაფერი აღარ იწვევს მასში ემოციებს — არც პოზიტიურს და არც ნეგატიურს. მაგალითად, ექიმი, რომელიც პროფესიული გადაწვის წინაშეა, პაციენტს აღიქვამს, როგორც უსულო ობიექტს. იურისტისთვის კლიენტი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია და სულაც აღარ აინტერესებს პროცესზე დასჯიან თუ უდანაშაულოდ ცნობენ. ჟურნალისტი კი, შორდება სოციალურ ქსელებს და უარს ამბობს ადამიანებთან ურთიერთობაზე და ა.შ

საკუთარი შესაძლებლობების ნეგატიური შეფასების ფაზა ამ ფაზაში ქვეითდება თვითშეფასება. ადამაინს აღარ სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, ეჭვი ეპარება საკუთარ უნარებში, უქრება საკუთარი ეფექტურობის აღქმის შეგრძნება. ჰგონია, რომ მას არ ჰყოფნის პროფესიული უნარები, რაღაც აკლია, ვერ ხედავს პერსპექტივას, ვერ ხედავს ცდის მოტივს. შესაბამისად, მუშაობის ხარისხი მკვეთრად ქვეიდება და საბოლოო ღირებული პროდუქტიც მარცხისთვის განწირულია.

როგორ ავიცილოთ თავიდან ემოციური გადაწვა?

,,შეჩერდი” – იპოვეთ დრო სრულფასოვანი დასვენებისთვის. ეს თქვენ გჭირდებათ წარმატებული შედეგებისთვის. გჭირდებათ იმიტომ, რომ უფრო მეტი გააკეთოთ ხარისხიანად და მიღწევით თავად იყოთ კმაყოფილი. დასვენების ბევრი საშუალებაა, არჩევანი თქვენთვის მომინდია. მთავარია გაიაზროთ, რომ ეს თქვენ გჭირდებათ და ეს აუცილებელია.

,,პრიორიტეტების განსაზღვრა” – ნუ გააკეთებთ ყველაფერს ერთდროულად. ყველას გვაქვს ჩვენი მიზნები, რომლის მიღწევაც ძალიან გვინდა. მაგრამ, არ შეიძლება ყველაფრის ერთდროულად კეთება. განსაზღვრეთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. მოახდინეთ მათი დელეგირება. დაფიქრდით, რა გჭირდებათ და რა არა. რა არის თქვენთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული. მოიშორეთ ზედმეტი საქმეები, რომელიც არ შეესაბამება თქვენს მიზნებს.

,,ჯანსაღი ცხოვრების წესი” – დაიწყეთ ვარჯიში, იკვებეთ სრულფასოვნად. მიირთვით ის, რაც გიყვართ და გააკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ.

,,გიყვარდეთ საკუთარი თავი უპირობოდ” – საკუთარ თავთან მთელი ცხოვრება მოგიწევთ ურთიერთიბა. პატივი ეცით მას, დააფსეთ, გაანებივრეთ და გწამდეთ საკუთარი თავის.  დააჯილდოვეთ ის, გაუკეთეთ საჩუქარი. იზრუნეთ ,,მასზე“.  მახსენდება მრავალშვილიანი დედის ამბავი. სოფელში ცხოვრობდა ქალი, რომელსაც ჰყავდა 6 მცირეწლოვანი შვილი. იყო მარტოხელა დედა. მუშაობდა 24/7. ქალს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა სოფლის უხუცესი. ერთ დღეს უხუცესმა ქალი დაიბარა და უთხრა:

  • შვილო, ასე მუშაობა არ შეიძლება. ცოტა ხანში ვეღარ შეძლებ ვერაფრის გაკეთებას და შენს შვილებს ვინ მიხედავს?
  • ბატონო, მე არავინ მყავს ვინც დამეხმარება
  • მე არ გეუბნები, რომ არ იმუშაო. გამოყავი 30 წუთი ყოველდღე საკუთარი თავისთვის და შედეგით გაოცდები. ამ 30 წუთის განმავლობაში აკეთე ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს.

მას შემდეგ, ქალი ყოველდღე ყიდულობდა ერთ ფილა შოკოლადს და  კარადაში იმალებოდა და იქ მიირთმევდა. შვილებმა შენიშნეს, რომ დედა ნახევარი საათით იკარგებოდა ყოველდღე და გადაწყვიტეს გაეგოთ რაში იყო საქმე. ყველგან ეძებეს და ბოლოს კარადაში დამალულს შოკოლადის ფილით ხელში მიაგნეს. გაუკვირდათ დედის საქციელი და ჰკითხეს მიზეზი.

  • დედა, რას აკეთებ? ასე რატომ იქცევი?
  • მაცადეთ შვილებო, მე თქვენთვის ბედნიერ დედას ვქმნი!

გამოყავით დღის განმავლობაში 30 წუთი საკუთარი თავისთვის და აკეთეთ ის, რაც გინდათ. ეს მეთოდი დაგიცავთ ემოციური გადაწვისგან.

,,დღის შეჯამება” – ყოველი დღის ბოლოს იფიქრეთ დღის სასიმაოვნო ფაქტებზე. იპოვეთ ძალა მცირე გამარჯვებებში, გაუზიარეთ ემოციები ახლობელ ადამიანებს.

ეთო ბიქოშვილი