fbpx

რა არის მომხმარებლის ემპათიის რუკა?

ხათუნა მდინარაძე

რა არის მომხმარებლის ემპათიის რუკა?

2240 1260 buymore.ge

თანამედროვე ბიზნესის მთავარი მიზანი მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაა. ეს პანდემიის დროსაც კარგად გამოჩნდა. ძალიან ბევრი კომპანია თუ ორგანიზაცია, ამბობდა რომ მისი მთავარი კონცეფცია მომხმარებლებზე ორიენტაციაა, თუმცა ნამდვილი ბრენდი არის არა მხოლოდ დაპირება, არამედ ამ პირობის შესრულებაც, ანუ სიტყვაც და საქმეც ერთდროულად. ეს ყველაფერი კი თანამედროვე სამყაროს ახალმა გამოწვევამ – Covid19-მა და მისგან გამოწვეულმა რთულმა ვითარებამაც დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი ბიზნესის კონცეფცია -მომხმარებელზე ორიენტირება – მხოლოდ სიტყვად დარჩა.

ძირეული კონცეფცია, რომელიც თანამედროვე მარკეტინგს უდევს საფუძვლად, ადამიანური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. მომხმარებლებს, კომპანიასთან ურთიერთობის დამყარებამდე გარკვეული მოლოდინები უჩნდებათ. იმისათვის, რომ მათი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს, საჭიროა მათი მოლოდინების გამართლება ან უკეთეს შემთხვევაში, გადააჭარბებაც. აქედან გამომდინარე, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი შეიძლება განვმარტოთ, როგორც მომსახურება, რომელიც აჭარბებს მომხმარებლის მოლოდინებს.
ყიდვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მოტივი და კითხვაზე პასუხი: „რა სურს მომხმარებელს?“ თანამედროვე მეცნიერთა მთავარ გამოწვევად რჩება. მეთოდი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ინსტრუმენტია მათ გასაცნობად.

ხათუნა მდინარაძე
 რა არის მომხმარებელთა ემპათიის რუკა და როგორ გამოიყენება ის?   ემპათიის რუკა ვიზუალური ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლის საჭიროებების, ქცევების, აზროვნებისა და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების ასახვის მიზნით იქმნება. უფრო მეტიც, ის გეხმარებათ ვიზუალიზაციასა და ხედვაში, რომელიც დაყოფილია 6 სხვადასხვა კატეგორიად:

#1. რას ხედავს?
როგორ გამოიყურება მისი გარემო? რა შეთავაზებებს ხედავს ყოველდღე? ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პარტნიორები?

#2. რა ესმის?
რას ისმენს მეგობრებისგან, მომხმარებლებისგან, უფროსისგან, კოლეგებისგან ან რეკლამისგან?

#3. რას ფიქრობს და გრძნობს?
რა არის მისთვის მნიშვნელოვანი? რაზე ოცნებობს და რა აწუხებს?

#4. რას ამბობს და აკეთებს?
რას ეუბნება სხვებს? რას აკეთებს და რა არის მისი ტიპიური საქმიანობა? რა ტექნიკურ მოწყობილობებს იყენებს საყრდენად?

#5. რა პრობლემები აქვს?
რა არის მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუება? რა გამოწვევებისა და რისკების წინაშე დგება ყოველდღე?

#6. რა არის მისი მიზანი?
რა ახარებს? რა უყვარს სინამდვილეში? რა ხდის წარმატებულად? როგორ აღწევს მიზნებს?

ექვსივე მათგანი ყოვლისმომცველ ინფორმაციას გვაძლევს მომხმარებელთა საჭიროებებზე, რწმენა-დამოკიდებულებებზე, გამოწვევებზე, მიზნებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ამიტომ, როცა გაყიდვების მასშტაბის გაზრდას ცდილობთ, ყურადღება მიაქციეთ ამ ყველაფერს და გახსოვდეთ, რომ თანამედროვე ბიზნეს სამყაროში, გამოწვევებსა და ცვლილებებს უძლებენ ის ბრენდები, რომლებიც ყიდიან არა პროდუქტის მახასიათებელს არამედ, სარგებელსა და შთაბეჭდილებებს!

შთაბეჭდილებებით სავსე წელს გისურვებთ!

ხათუნა მდინარაძე -გაყიდვების ტრენერი და პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი
შემოგვიერთდით:  Business community

ციფრული ინსტრუმენტები სტრატეგიულ კომუნიკაციაში #მარკეტინგისამბავი
1920 1080 buymore.ge
6 ნაბიჯი წარმატებული გასაუბრებისთვის #პრაქტიკულიმარკეტინგი
1260 709 buymore.ge