fbpx
” მთელი ჩემი ციფრული მხატვრობა სინთეზის და ფორმების თამაშია” – ლევან მიქელაძე #ჩემიამბავი

” მთელი ჩემი ციფრული მხატვრობა სინთეზის და ფორმების თამაშია” – ლევან მიქელაძე #ჩემიამბავი

” მთელი ჩემი ციფრული მხატვრობა სინთეზის და ფორმების თამაშია” – ლევან მიქელაძე #ჩემიამბავი

2560 1440 buymore.ge

მე ვარ.. 

ლევან მიქელაძე, ბოლო პერიოდია B A R D-ის სახელთ ვაქვეყნებ ციფრულ ილუსტრაციებს.

მე ვქმნი..

ციფრულ ილუსტრაციებს და ჩემი ამჟამინდელი მოღვაწეობის სფერო  ციფრული მხატვრობაა, პოსტერების და სტიკერების  ცირული სახით ვაცოცხლებ.

მე მომწონს..

სინთეზი.  განსაკუთრებით ისეთი სფეროების, როგორიცაა:  რელიგია, მითოლოგია, თანამედროვე სოციალური გარემო, სამეცნიერო ფანტასტიკა. მთელი ჩემი ციფრული მხატვრობა არის მსგავსი სინთეზი და ფორმებით თამაში, მითოლოგიური თუ რელიგიური გმირების განსხვავებულ გარემოში, თანამედროვე ყოფაში, ნაიკებში,
Type R-ებში, საბჭოთა კაფელებში და ჩვენთვის ხელშესახებ სივრცეებში გადმოყვანის. თითქოს ამ ყველაფრის უკან დგას გარკვეულ წილად ეკლესიასტესეული მოტივი: „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“ და ყველაფერი თითქოს განმეორებადი ციკლის, ლუპის ნაწილია. არცერთი ტრაგედია არ სრულდება, არ ხდება კონკრეტული დროის საკუთრება და ყველა ამბავი მუდმივად გრძელდება დროში, რადგან არ არსებობს არცერთი დრო დავითების, გოლიათების, აქილევსების, ჯვარცმების, აღდგომების და ამაღლებების გარეშე. ყოველი დღე შეიძლება იყოს ჯვარცმა, ყოველი მომდევნო აღდგომა და შემდეგი კი ამაღლება.

ამბავი, რომელმაც შემცვალა..

რთულია კონკრეტულ ამბად მოყვე რამ შეგცვალა, უფრო წელი შემიძლია დავასახელო რის მერეც შევიცვალე და დავიწყე ფიქრი ახალ რაღაცებზე, ახალ სფეროებზე და იდეეებზე. 2017 წელი იყო ამ მხრივ საინტერესო და გარდამტეხი, როცა გავაანალიზე, რომ ჩემი მაშინდელი პროფესია და სფერო რომელსაც ვსწავლობდი აღარ იყო იმდენად საინტერესო, როგორიც თუნდაც წინა ორი წლის მანძილზე მეგონა, დავიწყე ძიება და ამ ძიებებით მოვედი დღეს იქამდე რასაც ვაკეთებ, რასაც ვხატავ და ვქმნი. 2017 წლიდან დღემდე ერთი დიდი ოდიესეაა, მაგრამ მაინც მგონია რომ ითაკამდე ჯერ შორია.

ლევან მიქელაძე

 ემოცია, რომელიც მამოძრავებს…

კონკრეტული რაღაცისკენ ადამიანს კონრეტული ემოცია ამოძრავებს, ამიტომ მიჭირს ზუსტად ვთქვა რა მამოძრავებს, მაშინ როცა ჯერ კიდევ დაუზუსტებელია რა მინდა და საით მინდა წავიდე.

 გარემო , რომელშიც მე ვცხოვრობ…

ძალიან მიყვარს, ძალიან შემოქმედებითია და ყოველ ფანჯრიდან გახედვისას სხვადასხვაგვარად აღვიქვამ მას. ჩემი ამჟამინდელი საცხოვრებელი გარემო არის ნუცუბიძის პლატო, საკმაოდ ცვალებადი, რელიეფური, მწვანე და პოსტ საბჭოთა უბანი თავისი ესთეტიკით. სკოლის, სახლის, უნივერსიტეტის, დამატებითი საქმიანობების გამო ხშირი  მოძრაობა მიწევდა, აქედან გამომდინარე, თბილისის მთლიანი გარემო, მისი ცვალებადი განწყობები, რომლებიც ქუჩიდან ქუჩამდე იცვლება, ადამიანები, გმირები და დეტალები ძალიან ახლო და საყვარელია ჩემთვის, თბილისზე, მის გარემოზე და არქიტექტურაზე მაქვს დაწერილი პატარა ნაშრომი, რომელიც ჩემთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავს, რადგან ვიკვლევდი საკითხს რომელიც მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ მუშაობა აღარ გამიგრძელებია თბილისი ერთ-ერთი დიდი შემოქმედებითი ნაკადია ჩემს ნამუშევრებში და რატომღაც, ხატვის დროს ჩემს გმირებს ყოველთვის თბილისში ან მიმდებარედ წრმოვიდგენ ხოლმე.

ქუჩის მხატვრობა

 

 საქმე ,რომელიც მიყვარს…

ნათელია უკვე, რომელი საქმეც მიყვარს, რასაც ვაკეთებ საინტერესო პროცესია ჩემთვის და მომწონს ამ ყველაფრის კეთება, იმდენად რომ ხანდახან 24 საათიანი დღე-ღამეც კი ცოტა მგონია ხოლმე.

სარგებლობა, რომელიც ვქმნი…

ყველაზე დიდი სარგებელი რაც წარმომიდგენია არის ცოდნის შექმნა, დაგროვება და გადაცემა. სწორედ ამიტომ რასაც ხატვის პარალელურად ვაკეთებ არის სწავლება. სხვადასხვა ასაკის ადამიანს ვასწავლი სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამას, ძირთადად ხატვასთან და დიზაინთან დაკავშირებულ პროგრამებს და ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის.

 იდეა, რომელიც მინდა განვახორციელო…

იდეად მაქვს პატარა სერიის შექმნა ძველ თბილისზე და მის გმირებზე, რაც ერთი შეხედვით ძალიან მერთულება, მაგრამ ძიების პროცესი ალამაზებს ამ ყველაფერს. მთელი ამ იდეის არსი მდგოამრეობს მადათოვის პერიოდის თბილისი ფუტურისტულ, რეტროფუტურისტულ მომავალში წარმოდგენას, რეაქტიული ტივებით მტკვარზე, საიათ ნოვას ლაივ კონცერტის პლაკატებით ქალაქის კედელზე და ნეონის ანარეკლებით მტკვარზე.

ადამიანი , რომელიც შთაგონებას  მაძლევს…

ადამიანი რომელიც შთაგონებას მაძლევს შეიძლება ამ კითხვის პირიქით შემობრუნება, განა არსებობს ადამიანი რომლისგანაც შთაგონებას ვერ მიიღებ? შთაგონება ხომ არ არის მხოლოდ დადებითი პროცესი ან დადებითი შეგრძნება. ყველა ადამიანი თავისებურად შემოქმედებითია, შთაგონების მატარებელი და ხანდახან საკუთარ ვიზუალში იმხელა ინფორმაციას ინახავს კონკრეტული გმირის შესახებ, რომ სამსახურში მიმავალს მეტროში, ორშაბათის მოსაწყენ დილას ერთ ვაგონში, გვერდიგვერდ მთელი ტრაგედიის დასი იჯდეს.

ქუჩის მხატვრობა

 წიგნი, რომელმაც შემცვალა

სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა წიგნები გვცვლიან, შეუძლებელი მგონია რომ ადგე და ერთ წიგნს ჩაეჭიდო ადამიანი, ამან შემცვალა და მორჩა!  ერთი წიგნია, გენიალური ჩემი აზრით, არკადი და ბორის სტრუგაცკების „პიკნიკი გზის პირას“ გენიალური ფილმის და შემდგომ გენიალური თამაშის ტრილოგიის დასაბამი, სადაც არის ოქროს სფერო, რომელიც შენს ყველაზე სანუკვარ სურვილს აგისრულებს, ნებისმიერმა ადამიანმა რომ წარმოიდგინოს საკთარი თავი მსგავს სფეროსთან ყველა დაიბნევა, დაიკარგება იმაზე ფიქრში თუ რა უნდა რეალურად, ასეა ესეც. როცა მეკთხებიან საყვარელ ფილმს, მუსიკალურ ალბომს, ამ შემთხვევაში წიგნს, ვიკარგები უამრავ ამბავში, პერსონაჟში და სიუჟეტში, რადგან რაც სიუჟეტის განვითარების დროს გმირში იცვლება ის იცვლება იმ წუთასაც თითოეულ ჩვენგანში.

ნახატი, რომელსაც დავხატავდი…

აი ამ კთხვასაც წმინდა სტრუგაცკული გადმოსახედიდან ვუპასუხებ და როგორც სტრუგაცკების ზემოთ ხსენებული წიგნი სრულდება ფრაზით ეგრე დავასრულებ მეც და გეტყვით რომ: HAPPINESS FOR EVERYBODY, FREE, AND NO ONE WILL GO AWAY UNSATISFIED.