Georgia By Post – საქართველოს ფოსტის ახალი კამპანია

საქართველოს ფოსტა

Georgia By Post – საქართველოს ფოსტის ახალი კამპანია

1178 454 buymore.ge

ქართველები რომ სტუმართმოყვარეობით ვართ ცნობილი, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა დღეს, როდესაც პანდემიამ მსოფლიოს საზღვრების ჩაკეტვა აიძულა, სტუმრებს ვეღარ ვიღებთ. შესაბამისად, ვერც ჩვენი ლეგენდარული მასპინძლობით ვიწონებთ თავს და ვეღარც ჩვენი პატარა ქვეყნის დაუჯერებელი ისტორიით, ბუნებით, კულინარიით და სხვა ბევრი რამით ვცდილობთ ჩამოსული ტურისტების გაოცებას.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ფოსტის უშუალო საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე საინტერესო გამოსავალს მივაგენით და გადავწყვიტეთ ქართული სტუმართმოყვარეობა ჩავდოთ ამანათში, შევფუთოთ და გავუგზავნოთ მათ, ვინც ვერ ჩამოვიდა. ამ იდეის განსახორციელებლად შეიქმნა კამპანია – „გააგზავნე საქართველო ფოსტით!“.

საქართველოს ფოსტა

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა georgiabypost.com, სადაც ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ან საქართველოს მონატრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები პატარა ვიდეოებს გვიზიარებენ და სტუმარ-მასპინძლობას მოწყურებულ ქართველებს გვიყვებიან ყველაზე მეტად რა უყვართ, აინტერესებთ ან ენატრებათ საქართველოში. ხოლო ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ გაუგზავნოთ საქართველო მათ. მოუსმინე საქართველოს უცხოელ მეგობრებს და აჩვენე როგორი მასპინძლობა ვიცით.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს. ამისათვის საჭიროა ესტუმროთ ჩვენს პლატფორმას georgiabypost.com, გაეცნოთ ადრესატებს, მოუსმინოთ მათ ამბებს, აირჩიოთ რომელიმე მათგანი და მოიფიქროთ, თუ როგორ ჩაატევთ თქვენს პირად საქართველოს ერთ ამანათში. თქვენს „პატარა საქართველოს“ ადრესატი საქართველოს ფოსტის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიღებს.

ამანათის გაგზავნა

დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი მასპინძლობა საზღვრებსაც კი სცდება. კამპანიაზე საქართველოს ფოსტის გუნდთან ერთად იმუშავა სარეკლამო სააგენტო „რედბერმა“. კამპანიას მრავალი გაცოცხლებული ისტორიით და ლამაზი ვიზუალებით შეხვდებით საქართველოს ფოსტის ფესბუქის, ინსტაგრამის და ტვიტერის გვერდზე, ასევე ჩვენი მედია პარტნიორის „Spend 4 Seasons in Georgia“-ს საკომუნიკაციო არხებზე.