fbpx

6 ნაბიჯი წარმატებული გასაუბრებისთვის #პრაქტიკულიმარკეტინგი

იყიდე მეტი ბიზნესი

6 ნაბიჯი წარმატებული გასაუბრებისთვის #პრაქტიკულიმარკეტინგი

1260 709 buymore.ge

 ,,გილოცავთ! თქვენ წარმატებით გაიარეთ შესარჩევი ეტაპი და დაბარებული ხართ ხვალ გასაუბრებაზე” – ეს ფრაზა ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც მოუსმენია. ჯერ იმაზე ვღელავთ, რომ ჩვენი რეზიუმე მოეწონოს კომპანიის HR სპეციალისტს და შემდეგ იწყება მღელვარების მეორე ეტაპი – როგორ გავიაროთ გასაუბრება ისე, რომ სასურველი შეთავაზების მიღების და დასაქმების შანსი გაიზარდოს.

,,გასაუბრების ოთახში” შესვლამდე ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.

#1 ინფორმაცია კომპანიის შესახებ – გასაუბრებამდე აუცილებელია წინასწარ მოიძიოთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ. გაეცნოთ მის საქმიანობას, სტრუქტურას, განხორციელებულ ღონისძიებებს და პროექტებს, მიღწევებს, შედეგებს, ბრუნვას და ა.შ კომპანიის საქმიანობის დეტალურად გაცნობა დადებითად განაწყობს HR-ს და ხაზს გაუსვამს თქვენს სერიოზულ დამოკიდებულებას კომპანიის და ვაკანსიისადმი. გასაუბრებაზე აუცილებლად გკითხავენ იცით სად ხართ? აქ რატომ ხართ? თუ ამ კითხვებზე პასუხი არ გაქვთ, თქვენი დასაქმების შანსი მცირდება.

#2 გაეცანით ვაკანსიის ტექსტს – ის არის მთავარი სავიზიტო ბარათი თქვენი დასაქმებისთვის. გაეცანით ვაკანსიის მოთხოვნებს, ამოცანებს და მათი გადაჭრის გზებზეც იფიქრეთ. გასაუბრებაზე შეეცადეთ თქვენი ხედვა დაანახოთ დამსაქმებელს, როგორ დაეხმარებით ოცნებია რეალიზებაში. თუ ამის შესახებ არ გაქვთ ინფორმაცია გასაუბრებამდე, ჩათვალეთ, რომ დასაქმების ერთი შანსი უკვე დაკარგეთ.

#3 მოემაზადეთ მოსალოდნელი კითხვებისთვის – ასობით HR სპეციალისტი გასაუბრებაზე სვამს ტიპურ კითხვებს:

 ” მომიყევი თქვენს შესახებ… აქ HR უნდა დაანახოთ რას საქმიანობთ, რას აკეთებთ, როგორ. ამ პროცესს ამერიკელი დამსაქმებლები ,,30 წამის წესს” უწოდებენ, რას ვეტყვი HR-ს 30 წამის განმავლობაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენი თვითპრეზენტაცია უნდა იყოს კრეატიული და ორიგინალური. ნუ მოუყვებით იგივეს, რაც რეზიუმეში უკვე გიწერიათ და არ ისაუბროთ ბევრი საკუთარ თავზე, მიღწევებზე. ეს არ არის თქვენთვის მომგებიანი პოზიცია. ,,მას” არ აინტერესებს რომ 200 კონკურსში I ადგილი დაიკავეთ. უმჯობესია აჩვენოთ, კონკრეტულად როგორ მოუტანთ სარგებელს კომპანიას, რაში გამოდგებით.  თვითპრეზენტაციისას გამოცდილებაზე ბევრი არ ილაპარაკოთ. მოუყევით კონკრეტული ქეისები ვაკანსიის შესაბამისად. ასევე, ხშირად დამსაქმებელი გეკითხებათ თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სუსტი მხარეების ჩამოთვლა არაფერს ნიშნავს. აუცილებელია დაანახოთ როგორ ებრძვით სუსტ მხარეებს. დამსაქმებელი იკითხავს:

რატომ უნდა აგიყვანო შენ? კარგი იქნება თუ ეტყვით, რომ საკუთარი შესაძლებლობებით კომპანიისთვის სარგებლის მოტანა შეგიძლიათ. უთხარით როგორ შეძლებთ ამას თქვენ. არსებობს კიდევ ერთი შაბლონური შეკითხვა: ,,სად ხედავთ თავს 5 წლის შემდეგ?” ამ კითხვით HR-ს აინტერესებს თქვენი სამომავლო გეგმები, ხედვა. კარგი იქნება თუ ეტყვით, რომ მასშტაბირდებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გარდა ამ კონკრეტული კითხვებისა, შესაძლოა გკითხოთ თქვენი ყველაზე წარმატებული პროექტის, დიდი გამოწვევის, ინიციატივების, გამარჯვებული მოხსენების ან თქვენი წარმატების განმაპირობებელი მიზეზის შესახებ. მოემზადეთ კარგად.

#4 მოამზადეთ შემხვედრი კითხვები – HR-ს მოსწონს, როცა თქვენც უსვამთ კითხვებს. ეს კარგი შტრიხია, რადგან ჩანს თქვენი ინტერესი, სერიოზულობა და დამოკიდებულება არსებული ვაკანსიისადმი. შეგიძლიათ იკითხოთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. მაგალითად: ვაკანსიის გაჩენის მიზეზი, მუშაობის გრაფიკი, როგორია მათთვის იდეალური კანდიდატი და ა.შ აუცილებელია, გასაუბრების დასრულების შემდეგ, დამსაქმებელს სთხოვოთ უკუკავშირი, რადგან იცოდეთ რა უნდა გამოასწოროთ სამომავლოდ.

#5 გამოეწყვეთ შესაბამისად – ვიზუალური მხარეს დიდი ეფექტი აქვს. არ დატოვოთ ის უყურადღებოდ. ჩაისვით ,,ვაკანსიის შესაბამისად”.

#6 იყავით პუნქტუალური – გასაუბრებაზე დაგვიანება არ ითვლება კარგ ტონად, ამიტომ თუ გაგვიანდებათ ან ობიექტური  მიზეზის გამო ვეღარ ახერხებთ მისვლას, აუცილებელია გააფრთხილოთ კომპანიის წარმომადგენელი. სხვა შემთხვევაში ეს შეიძლება გახდეს თქვენი, როგორც უყურადღებო და ნაკლები პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატის ,,არ დასაქმების” მიზეზი.

ეთო ბიქოშვილი